სიახლეები

სავსე მთვარე ვერძში

სავსე მთვარე ვერძში

2 ოქტომბერს, 01:05 საათზე სავსე მთვარე ვერძის ნიშანში იქნება. ვერძი კარდინალური ცეცხლის ნიშანია, რომელიც გამოხატავს ჩვენს პირად ინტერესებს, სავსე მთვარის შემთხვევაში კი ის ქვეცნობიერიდან ჩვენს ყველაზე მძაფრ სურვილებს ამოატივტივებს. მზე ამ დროს ვერძის ოპოზიციურ ნიშანში - სასწორში იქნება, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჰარმონიული კავშირები, თანასწორობა და დიპლომატიური ურთიერთობები. სწორედ ვერძის და სასწორის პრინციპების დაბალანსება იქნება მომდევნო თვის მთავარი ამოცანა, თუ როგორ შევუწყოთ საკუთარი და საზოგადოების მოთხოვნილებები ერთმანეთს, განვახორციელოთ ჩვენი მიზნები, ისე, რომ თავიდან ავიცილოთ კომფლიქტური სიტუაციები. ამავდროულად, რეტროგრადული მარსი ვერძში კვადრატურას ქმნის სატურნთან, რომელმაც ახლახანს შეწყვიტა რეტროგრადული მოძრაობა. ეს ყველაფერი, საგრძნობლად გაააქტიურებს კარდინალური ნიშნების ფუნქციებს და ხელს შეუწყობს ბევრი გაჩერებული და გაწელილი საქმის დაძვრას. ოქტომბრის სავსე მთვარე განსაკუთრებით ვერძებზე, სასწორებზე, კირჩხიბებზე და თხისრქებზე იქონიებს ძლიერ გავლენას. ვერძებს საგრძნობლად მოემატებათ შინაგანი ენერგია და თვითგამოხატვის სურვილი. თუმცა, რეტროგრადული მარსი ვერძში თავშეკავებასაც შემატებთ და კონფლიქტური სიტუაციების ალბათობას შეამცირებს. ვერძებისთვის ამ პერიოდში, მნიშვნელოვანი იქნება პირადი ურთიერთობების მოგვარება, იმის გააზრება, თუ სად უშვებთ შეცდომას და რამდენად ცდილობთ გაუგოთ თქვენს პარტნიორს, როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან კავშირებში. სასწორებისთვის კი პირიქით: გაიაზრეთ საკუთარი ღირებულებების და პოზიციის მნიშვნელობა ურთიერთობებში. მხოლოდ სხვების კეთილდღეობისთვის ნუ გაიღებთ მსხვერპლად საკუთარ თავს და ნუ გახდებით მათზე ემოციურად დამოკიდებულები. დააფიქსირეთ საკუთარი პოზიცია და ეცადეთ დააბალანსოთ გაცემული და მიღებული ენერგიები. იყავით უფრო თავდაჯერებულები, რომ ურთიერთობები უფრო ჯანსაღი და თანასწორი გახადოთ. კირჩხიბისთვის, როგორც მთვარის მმართველი ნიშნისთვის, სავსე მთვარე განსაკუთრებით ძლიერ ზემოქმედებას ახდენს. ამ შემთხვევაში კი კარიერის საკითხი იქნება საკვანძო. კონცენტრირდით საქმეზე და იზრუნეთ თქვენი სოციალური სტატუსის გაუმჯობესებაზე. კარგი პერიოდია ახალი პროექტების წამოსაწყებად, ან ძველის გასაგრძელებლად და გასავითარებლად. დატოვეთ კომფორტის ზონა და მიიღეთ დიდი გამოწვევები. პრაქტიკული გონების მქონე თხისრქებისთვის, ეს პერიოდი შესაძლოა ცოტა არაკომფორტული იყოს, რადგან შესაძლოა თქვენი პირადი სივრცე და ემოციური განწყობა სხვების განხილვის საგანი გახდეს. ნუ გაექცევით ამას, ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ ურთიერთობებს, მეგობრებთან კავშირს, საკუთარ გრძნობებს. კარიერაზე კონცენტრირება არ გამორიცხავს პირადი ურთიერთობების მნიშვნელობას. გაუწოდეთ დახმარების ხელი ახლობლებს და მათაც მიეცით უფლება დაგეხმარონ.