სიახლეები

2021 წლის ასტროლოგიური მიმოხილვა

2021 წლის ასტროლოგიური მიმოხილვა

სირთულეებით დატვირთული 2020 წლის შემდეგ, 2021 წელი უფრო პოზიტიური ცვლილებებით იქნება სავსე.

 რა თქმა უნდა, ახალი წლის პირველივე დღიდან ჯადოსნურად არ მოგვარდება ყველა პრობლემა, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაციის შემსუბუქება საგრძნობი გახდება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება, როდესაც იუპიტერი დატოვებს თავისი დაცემის ნიშანს - თხისრქას, და მისთვის ბევრად უფრო სახარბიელო მდებარეობაში - მერწყულში გადაინაცვლებს.

  იუპიტერი მოგზაურობის და საერთაშორისო კავშირების მმართველი პლანეტაა, თხის რქაში კი მისი პოზიტიური გავლენა მაქსიმალურად მცირდება. სწორედ ამასთანაა კავშირში ტრანსპორტირების გლობალური შეზღუდვა. მომავალი წლიდან კი, სავარაუდოდ, ის ნელ-ნელა აღდგება. მერწყულში მდებარეობით კი საერთაშორისო ურთიერთობები და გუნდური აქტიობები გახშირდება და ახალ სახეს მიიღებს. ეს ასევე, ონლაინ სამსახურების და პროექტების დახვეწით შეიძლება გამოიხატოს.

  იუპიტერის პარალელურად, სატურნიც იცვლის თავის ნიშანს და ასევე მერწყულში გადაინაცვლებს, სადაც თითქმის სამი წლის განმავლობაში იქნება. სატურნის პრინციპია შეზღუდვა, შემცირება, მერწყული კი თავისუფლების და ინოვაციების მმართველი ნიშანია. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ბევრ სოციალურ შეზღუდვას ექნება ადგილი ამ ტრანზიტის განმავლობაში. თუმცა, ნელ-ნელა სოციალური წყობისა და მოვალეობა-უფლებების ფუნდამენტურ ცვლილებებსაც მოიტანს.

  მათთვის, ვისაც ნათალურ რუკაში სატურნი მერწყულში ყავს, მალე ე.წ. "სატურნის დაბრუნება" ექნება, რაც მათი მნიშვნელოვანი სოციალური და პროფესიული რეალიზაციის პერიოდს განაპირობებს.

  გაფართოების პლანეტის - იუპიტერის და შეზღუდვების პლანეტის - სატურნის ერთსა და იმავე ნიშანში ტრანზიტი საინტერესო შედეგებს მოიტანს. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ნიშნისთვის, თუნდაც მერწყულისთვის განსაკუთრებული პერიოდი იქნება, იუპიტერი და სატურნი საზოგადო პლანეტებია, და არა პირადი, ამიტომაც მათი გავლენა უფრო გლობალური და ფუნდამენტურია და ყველასთვის უკლებლივ მნიშვნელოვანი.

  ეს ურთიერთქმედება დაახლოებით ასე იმოქმედებს: ბევრი გეგმა, მიზანი, ოცნება ჩაგეშლებათ, გამოჩნდება იმედები, რომლებიც საბოლოოდ ფუჭი აღმოჩნდება, აღმოაჩენთ, რომ ბევრი რამ თქვენს ცხოვრებაში და ურთიერთობებში, რაც ადრე თითქოს მუშაობდა, აღარ გადგებათ, მოგიწევთ არაერთი იძულებითი ცვლილებების შეტანა საკუთარ მიზნებსა და მათი განხორციელების გზებში.

  საქმე იმაშია, რომ დარჩება მხოლოდ ის გზები და მეთოდები, რომლებიც რეალურად შედეგის მომტანია, გამოყენებადია და ხელშესახები მიზნის მისაღწევად საჭირო. ის ყველაფერი, რაც შესაძლოა სიამოვნებას განიჭებდათ, მაგრამ რეალურად დროის ფუჭად ფლანგვა იყო, შეიზღუდება და ფოკუსი უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე გადაინაცვლებს. ეს ზოგისთვის მოხდება ნებით, ზოგისთვის იძულებით, გავლენა ექნება როგორც ინდივიდუალურ, ასევე გლობალურ მასშტაბზე. ამიტომ, გირჩევთ, რომ შეემზადოთ დიდი ცვლილებებისთვის და ცხოვრების ახალ მოდელზე ადაპტირებისთვის.

  მთავარია, უკან მოიტოვოთ მავნე ფობიები და არაჯანსაღი მიჯაჭვულობები, სამყარო და პლანეტები არ მოქმედებენ თქვენს საწინააღმდეგოდ, პირიქით.მთლიანობაში 2021 პოტენციალებით სავსე წელი იქნება. მერწყულის გავლენა ერთმანეთის დახმარებისა და ჰუმანიტარული ქმედებებისკენ გვიბიძგებს. ერთმანეთის გვერდით დგომა და ერთიანი ძალებით სირთულეების გადალახვა ის ამოცანა იქნება, რომელსაც მომავალი წელი ყველას თანაბრად გვიმზადებს.

  შიშის მიუხედავად, წინსვლა უნდა განვაგრძოთ, გავიაზროთ საკუთარი უფლებები და მოვალეობები და მერწყულის ათასწლეულისკენ მიმავალ ახალ საფეხურზე გადავინაცვლოთ, სადაც ადამიანური ურთიერთობები და ინდივიდუალიზმი მთავარ ღირებულებას წარმოადგენს.

  გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით დატვირთულ 2021-ს!